ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს შენობასთან ორი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ ბრაზილიის ცენტრში მდებარე სასამართლოსთან 13 ნოემბერს, საღამოს ჯერ ავტომანქანა აფეთქდა, შემდეგ კი, შენობის შესასვლელთან თავი აიფეთქა მამაკაცმა, რომელიც მანამდე სასამართლოში შეღწევას ცდილობდა. მის გარდა არავინ დაღუპულა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, აფეთქებული ავტომანქანაც ამ პირს ეკუთვნოდა. ბრაზილიის გენერალურმა პროკურორმა ხორხე მესიასმა განაცხადა, რომ დასადგენია, ვინ დგას უზენაეს სასამართლოზე თავდასხმის უკან. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ჰყავდა თუ არა თანამზრახველი ამფეთქებელს, რომლის ვინაობას და მოტივს ჯერჯერობით არ ასახელებენ. ბრაზილიური ონლაინ-გამოცემა Metropoles-ი წერს, რომ ეს პირი 59 წლის ფრანსისკო ლუისია, რომელიც სოციალური ქსელებით ემუქრებოდა „კომუნისტ პოლიტიკოსებს“. ბრაზილიის უზენაეს სასამართლოსთან აფეთქებების შემდეგ სამართალდამცავებმა დეტალურად გამოიკვლიეს მიმდებარე ტერიტორია, სადაც განთავსებულია პარლამენტის შენობა და პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენციაც. ადგილობრივი მედიის ცნობით, სასამართლოსთან აფეთქებების დროს პარლამენტში სხდომა მიმდინარეობდა, ხოლო პრეზიდენტმა ლუის ინასიუ და სილვამ რეზიდენცია აფეთქებებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. 18-19 ნოემბერს ბრზილიაში „დიდი ოცეულის“(G20) ლიდერთა სამიტი ჩატარდება. მას ქალაქი რიო-დე-ჟანეირო უმასპინძლებს. ასევე ნახეთ ბრაზილიის პრეზიდენტი პუტინს ვერ აძლევს დაპატიმრებისგან დაცვის გარანტიას „დიდი ოცეულის“ წევრი რუსეთიცაა. ბრაზილიაში დაგეგმილ სამიტს დაპატიმრების საფრთხის გამო ვერ დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. მის ნაცვლად რიო-დე-ჟანეიროში ჩავა საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. ბრაზილია საერთაშორისო ხელშეკრულების, რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანაა და შესაბამისად, აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. ამ სასამართლოს კი პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. 2023 წლის 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები. სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე. ...