„კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად ინტელექტუალურ მომსახურებასთან და ინდივიდუალურ აღქმასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია ვიზუალური დეტალები, ლოკაციის თავისებურებები, რის გამოც შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ადგილზე უწევთ არსებულ დიზაინში, კონფიგურაციასა და გაფორმების დეტალებში ცვლილებების შეტანა. ღონისძიების ჩატარება შეზღუდულ ვადებში უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა შეუძლებელია, ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე“, - ასე ასაბუთებს მერია მომსახურების ტენდერის გარეშე ყიდვის გადაწყვეტილებას. 8,5 მლნ ლარზე მეტი თანხით დაგეგმილი ღონისძიებები 6 დეკემბრიდან დაიწყება, როცა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ნაძვის ხეს აანთებენ. „გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები. მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა (სანტა) დამხმარე მსახიობებთან ერთად“, - წერს თბილისის მერია შესყიდვების სამსახურს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება: ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში. ...