ტაჯიკეთში რვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე წარდგა სასამართლოს წინაშე. მათ ბრალად ედებათ მონაწილეობა შეთქმულებაში ძალადობის გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, მასობრივი არეულობების მოწოდებასა და სიძულვილის გაღვივებაში. სასამართლო პროცესში, რომელიც 14 ნოემბერს დაიწყო ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეს საგამოძიებო იზოლატორში, მონაწილეობენ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ხამროხონ ზარიფი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი პრესმდივანი აბულფაიზ ატოი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი აკბარშოხ ისკანდეროვი. უზენაესი სასამართლოს მოხელეებმა, რომლებიც განიხილავენ საქმეს, რადიო თავისუფლებას უარი უთხრეს კომენტარებზე. ტაჯიკეთის გენერალური პროკურატურის მასალების გასაიდუმლოება ნიშნავს, რომ ბრალდებულთათვის წაყენებული ბრალდებების შესახებ ზუსტი დეტალები უცნობია. უკანასკნელ წლებში ტაჯიკეთის მთავრობა სასტიკად უსწორდებოდა სხვაგვარად მოაზროვნეებს, ციხეში სვამდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ან აიძულებდა მათ, ნებაყოფლობით დაეტოვებინათ ქვეყანა. ათობით დამოუკიდებელ ჟურნალისტს, აქტივისტსა და ხელისუფლების კრიტიკოსს მიუსაჯეს ხანგრძლივი ვადებით პატიმრობა. ...