ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის და სოციალური სამსახურების მინისტრად წარადგინა იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე, უმცროსი რობერტ კენედი. 70 წლის კენედი ვაქცინაციის საწინააღმდეგო შეთქმულების თეორიების ცნობილი მიმდევარია. შეერთებული შტატების ყოფილი გენერალური პროკურორის და სენატორის, უფროსი რობერტ კენედის ვაჟი და 35-ე პრეზიდენტის, დემოკრატი ჯონ კენედის ძმისშვილი უმცროსი რობერტ კენედი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯერ დემოკრატიული პარტიის, შემდეგ კი დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობას აპირებდა, თუმცა აგვისტოში გამოაცხადა, რომ კენჭს აღარ იყრის და მხარს რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს დაუჭერს. მანამდე კენედების ოჯახის წევრები ყოველთვის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატების მხარდამჭერები იყვნენ. ტრამპმა კენედის კანდიდატურა 14 ნოემბერს დაასახელა. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ დიდი ხანია ამერიკელები განიცდიან ზეწოლას კვების მრეწველობისა და ფარმაცევტული კომპანიებისგან, რომლებიც დაკავებული არიან შეცდომაში შეყვანით და დეზინფორმაციით, მაშინ როცა საქმე მოსახლეობის ჯანმრთელობას ეხება. ტრამპის განცხადებით, კენედი დააბრუნებს სამეცნიერო კვლევების ოქროს სტანდარტების ტრადიციებს და გამჭვირვალობას, რათა დასრულდეს ქრონიკული დაავადებების ეპიდემია და ამერიკა ისევ დიადი და ჯანმრთელი გახდეს. ასევე ნახეთ ტრამპმა გენერალური პროკურორის პოსტზე წარადგინა საეჭვო რეპუტაციის კონგრესმენი უმცროსი რობერტ კენედი დონალდ ტრამპის შეთავაზებას დასთანხმდა და განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება ჯანდაცვის და სოციალური სამსახურების სამინისტროს 80 000 თანამშრომელთან ერთად მუშაობის დაწყებას, რათა ეს უწყება გათავისუფლდეს კორპორაციების მავნე გავლენისგან, კორუფცია აღმოიფხვრას და განაგრძოს თავისი მისიის შესრულება, რათა ამერიკელები ისევ ყველაზე ჯანმრთელ ადამიანებად აქციონ. ბოლო დღეებში ამერიკული მედიით ვრცელდებოდა ცნობები, რომ ტრამპი ჯანდაცვის მინისტრად კენედის კანდიდატურას წარადგენდა. გასულ კვირაში, ერთ-ერთ ინტერვიუში კენედიმ განაცხადა, რომ არ აპირებს ვინმეს ვაქცინები წაართვას, თუმცა დაუყოვნებლივ დაიწყებს მათი უსაფრთხოების და ეფექტიანობის შესწავლას. კენედი უკვე არსებულ კვლევებს არ ენდობა. ასევე ნახეთ ტრამპის საგარეო პოლიტიკის გუნდის კონტურები იკვეთება - რას ველოდოთ? ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე წარადგინა არაერთი კანდიდატი, მათ შორის სახელმწიფო მდივნობის და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატები. მათ მხარი უნდა დაუჭიროს სენატმა, სადაც ნოემბრის არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა უმრავლესობა დაიბრუნეს. 78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება ...