ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები განხორციელდა, განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „Абаза ТВ-სთან" ინტერვიუში. ტექნიკური ფრენების დაწყება მიმდინარე წლის ივლისში იგეგმებოდა. ბჟანიას თქმით, ინვესტორმა შეძლო საკუთარი ხარჯებით ობიექტის უწყვეტი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფა. „გამონახეს სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები, შეიძინეს 24 ტრანსფორმატორი, საკუთარი ხარჯებით კვების ახალი ხაზი გამართეს და შეაკეთეს ორი ქვესადგური“. 2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტს აღადგენს შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი“, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანია. რაშიდ ნურგალიევს ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტი უკავია. ასევე ნახეთ რუსული კომპანია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას 240 მილიონ რუბლს სთხოვს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტის საინვესტიციო მოცულობა 12 მილიარდ რუბლს გადააჭარბებს. მისი თქმით, რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით პირველი საცდელი რეისი წელს იგეგმება. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია. ...