მოსკოვში წვევამდელებს მასობრივად მისდით ტექსტური შეტყობინებები, რომ აეკრძალათ რუსეთის დატოვება და "სხვადასხვა ადმინისტრაციული შეზღუდვა“ ემუქრებათ, თუ არ გამოცხადდებიან გამწვევ პუნქტებში. „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, 1 ნოემბერს რუსეთის ხელისუფლებამ დაწყებულად გამოაცხადა სამხედრო წვევამდელთა რეესტრის ამოქმედების მეორე ეტაპი. მანამდე, სექტემბერში, სატესტო რეჟიმში დაიწყო მუშაობა უწყისების გაგზავნის რეესტრმა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყნის დატოვების აკრძალვის შესახებ რეესტრის მონაცემებს რუსეთის უშიშროების სასაზღვრო სამსახური მყისიერად იღებს. ყველა, ვინც მიიღო შეტყობინებები, სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს მოსკოვის წვევამდელთა შეკრების პუნქტში. 5 ნოემბერს მოსკოვის მთავარმა სამხედრო კომისარმა მაქსიმ ლოკტევმა გააფრთხილა წვევამდელები, რომ მათზე მალე გავრცელდება სამოგზაურო აკრძალვები და სხვა ადმინისტრაციული ზომები. გარდა ამისა, მოსკოვში პოლიცია დაუბრუნდა საჯარო ადგილებში რეიდების პრაქტიკას წვევამდელთა წინააღმდეგ. ერთ-ერთი რეიდი ჩატარდა 11 ნოემბერს. როგორც უფლებადამცველი პორტალი „იდიტე ლესომ“ წერს, ამ დღეს მეტროში დააკავეს 200 წვევამდელზე მეტი. ტელეგრამის არხის ერთ-ერთი ხელმომწერის ცნობით, შემკრები პუნქტიდან იმ დღეს სახლში მხოლოდ ოთხი წვევამდელი გაუშვეს. წვევამდელთა მშობლები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ასეთ ზომებს მიმართავს იმ დანაკარგის ასანაზღაურებლად, რომელსაც რუსეთის არმია უკრაინის ფრონტის ხაზზე მიმდინარე ბრძოლების შედეგად განიცდის ცოცხალი ძალის მხრივ. ასევე ნახეთ ჟურნალისტებმა დაადგინეს ომში დაღუპული 74 ათასზე მეტი რუსი სამხედროს ვინაობა ...