“შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით ფაქტობრივად საარჩევნო პერიოდი დასრულდა”, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ოქმს ხელი მოაწერა ასევე ცესკოს მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა. ცესკოში სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. კომისიის წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხა, მანამდე კი მას "შავი ლაქა" უწოდა. სხდომა მცირე ხნით შეწყდა. “სამწუხაროდ, იმ გამოწვევას ვერ უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თქვენი ხელმძღვანელობით, რომელსაც ასე დამსახურებულად ევროპისკენ უნდა წავეყვანეთ და დღეს, თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი უსამართლო გადაწყვეტილებებით, ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება”, - მიმართა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. გიორგი კალანდარიშვილი სხდომაზე თვალახვეული დაბრუნდა. მან ტანსაცმელიც გამოიცვალა - სხდომაზე დაბრუნებულს ჰალსტუხი აღარ ეკეთა. შესვენებისას საჭირო გახდა ცესკოს სხდომის დარბაზის გაწმენდა. “არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული”, - განაცხადა კალანდარიშვილმა. ცესკოს სხდომის პარალელურად, შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქცია კვლავ გრძელდება. три 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს. ცესკოს შედეგებით, მე-11 მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 150-დან 89 მანდატი მოიპოვა, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას, ჯამში - 61 მანდატი აქვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო სექტორის მიერ დაწერილი საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილა. საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”. ასევე ნახეთ ცესკოს თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხეს, არჩევნების შემაჯამებელი სხდომა შეწყდა ასევე ნახეთ ცესკოში არჩევნების შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს ...