რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი "არ არის დაინტერესებული მოლაპარაკების გამართვაში ომის დასასრულებლად, მაგრამ უცხოეთის ლიდერებთან მოლაპარაკების გამართვა სურს საკუთარი საერთაშორისო იზოლაციის დასრულების მიზნით", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 16 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც სატელეფონო საუბარი გაიმართა პუტინსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შორის. "ვფიქრობ, პუტინს საერთოდ არ სურს მშვიდობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ სურს [მოლაპარაკების მაგიდასთან] დაჯდეს ზოგიერთ ლიდერთან ერთად. რადგან მისთვის პოლიტიკური იზოლაცია ნიშნავს ნგრევას. მისთვის საკმაოდ მომგებიანია დაჯდეს, ილაპარაკოს, და არ დათანხმდეს", - ამბობს ზელენსკი რადიოინტერვიუში, რომელიც 16 ნოემბერს გავრცელდა. "ის ვერ მოგზაურობს, ხოლო მოლაპარაკება ნიშნავს, რომ შეძლებს სადმე წასვლას... ეს მისთვის იზოლაციის დასრულება იქნება", - დასძენს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ომი უნდა დაასრულოს რაც შეიძლება სწრაფად. უკრაინის პრეზიდენტი აღიარებს, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე - სადაც რუსეთი თანდათანობით წინ მიიწევს - ვითარება რთულია ადამიანური და საბრძოლო რესურსების მხრივ წამგებიან პოზიციებზე მყოფი უკრაინის არმიისთვის. "ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ეს ომი დასრულდეს მომავალ წელს, დასრულდეს დიპლომატიური საშუალებებით", - ამბობს ზელენსკი. ასევე ნახეთ შოლცმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს, პირველად თითქმის ორი წლის განმავლობაში ...