თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე, აქციის ორგანიზატორმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა მადლობა გადაუხდეს. აქციის მონაწილეების ნაწილმა, რომლებიც ახალი არჩევნების მოთხოვნით 17 ნოემბრის საღამოს 20 საათიდან იმყოფებოდნენ ჭავჭავაძის გამზირზე, ღამე კარვებში გაათია, ნაწილი კი ქუჩაში დანთებულ კოცონთან იყო. "დღევანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ღამე ბოლო წლების ისტორიაში", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ თავის მიმართვაში. მისი თქმით, საჭიროა ერთმანეთის შეცვლა, რათა არ დაიღალონ. „წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლაა, იმიტომ რომ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო“. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, „ბევრს ეგონა, რომ ხალხი არ იქნებოდა, მაგრამ იყვნენ“. ვაშაძის თანახმად, გადავიდნენ "პროტესტის ახალ ფორმაში“, "კარგად დაორგანიზდნენ“ და "პროტესტი დაპირებისამებრ გრძელდება 24 საათის განმავლობაში, საღამოს 8 საათამდე“. საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, 18 ნოემბერი, 2024. "კოალიცია ცვლილებისთვის" კიდევ ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, "დადასტურდა, რომ ძალა განსხვავებულთა ერთობაშია". მისი თქმით, "დღევანდელი არაორდინარული შეკრება იქნება ერთ-ერთი ისტორიული შეკრება, რომელიც დასაბამი გახდება იმ ინტენსიური, შეუჩერებელი, მძლავრი, მზარდი საპროტესტო მოძრაობისა, რომელიც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევით. ჩვენ უნდა ვარყიოთ ის, სანამ არ ჩამოვანგრევთ“. მელიას თქმით, ქუჩა არის მათ ხელთ არსებული "ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი და ეს პროცესი აღარ შეჩერდება". დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, შეკრების ორგანიზატორ ლიდერებს არ დაუსახელებიათ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლითაც პროტესტი გაგრძელდება 18 ნოემბრის საღამოს, 8 საათზე, 24-საათიანი აქციის დასრულების შემდეგ. ასევე ნახეთ გვარამიას თქმით, ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს სიგნალი მოლაპარაკებაზე ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ოპოზიციური პოლიტიკური ნაწილის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია 17 ნოემბერს საღამოს 8 საათზე დაიწყო, დემონსტრანტებმა ადგილზე თავდაპირველად სამი დიდი ზომის კარავი გაშალეს, შუაღამით კი 20-მდე მცირე ზომის კარავი დაამატეს. გადაიკეტა ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზისხევი, მელიქიშვილის გამზირი და კეკელიძის ქუჩა. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლები მოელოდნენ, რომ ისინიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებოდნენ, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერ...