სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, თანამდებობები დატოვეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საგამოძიებო და ანტიკორუფციული კომიტეტების და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებმა, ტერიტორიული მართვის და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და უზენაესი სასამართლოს საბჭოს თავმჯდომარემ. ამის შესახებ სომხეთის მედიასაშუალებები წერენ ზოგიერთი უწყების პრესსამსახურზე და ინფორმირებულ ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით. 18 ნოემბრის დილის მდგომარეობით, გადადგომა პირადად დაადასტურა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელმა კარენ ანდრეასიანმა. მან სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ არ სურს გადაწყვეტილების „სიღრმისეულ მიზეზებზე“ ლაპარაკი და „მიდის სკანდალის გარეშე“. ანდრეასიანის განცხადებით, სომხეთის სასამართლო სისტემა „სამარცხვინო კრიზისიდან გამოიყვანა“ და „ამ ტოქსიკურ თანამდებობაზე“ ყველაზე დიდხანს გაძლო. 15 ნოემბერს, სომხეთის მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სასამართლოსა და სამართალდამცავ სტრუქტურებში რეფორმების შედეგებს ვერ ხედავს და განაცხადა, რომ „მოთმინების ფიალა აევსო". სომხეთის მთავრობას საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს, 18 ნოემბერს, სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ვატიკანში, სადაც რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება. ასევე ნახეთ საქართველო მეორე რანგზე ინაცვლებს, პრიორიტეტი სომხეთი ხდება - რეგიონში აშშ-ის პოლიტიკა იცვლება ...