დაიწყო მოლაპარაკებები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში დაიწყო მოლაპარაკებები ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას გუნდს წარმოადგენენ ვიცე პრეზიდენტი ბადრა გუნბა, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ ხეცია და საზოგადო აქტივისტი, დავით ფილია. ოპოზიციიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ ადგურ არძინბა, კან კვარჩია და ლევან მიქაა. ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან რჩებიან და მოლაპარაკების შედეგებს ელოდებიან. ოპოზიციის მხარდამჭერები. სოხუმი. 2024 წ. 18 ნოებმერი ასლან ბჟანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს პრეზიდენტის პოსტიდან მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეები დატოვებენ სოხუმის სამთავრობო შენობებს, რომლებიც მათ 15 ნოემბერს დაიკავეს. თუმცა ოპოზიციის ლიდერები ბჟანიას უპირობო გადადგომას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიცია თანახმაა, ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ, გუნბამ შეასრულოს ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობა. ოპოზიციის თქმით, მათ ასევე სურთ ბჟანიასთან რამდენიმე სხვა საკითხის განხილვა. აქამდე კონსულტაციები ბჟანიას გუნდსა და ოპოზიციას შორის შუამავლების დახმარებით მიმდინარეობდა. ასევე ნახეთ პუტინი მოსკოვში ეპატიჟება ასლან ბჟანიას 15 ნოემბერს „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიკაციის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების ნაწილმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო კვარტლის გარშემო არსებული ღობე მოარღვია, ტერიტორიაზე შეაღწია და დაიკავა ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები. 17 ნოემბერს ადგილობრივი ოპოზიციის მომხრეებმა დაიწყეს დე ფაქტო მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ღობის დემონტაჟი. აფხაზური ოპოზიცია დე ფაქტო ხელისუფლებას ორ ვარიანტს სთავაზობს: ან „პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერი“ დატოვებენ თანამდებობებს და „პრეზიდენტის“ მოვალეობას შეასრულებს „პარლამენტის სპიკერი“ ლაშა აშუბა. ან „პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერი“ გადადგებიან და მანამდე „პრეზიდენტი“ „პრემიერად“ დანიშნავს კომპრომისულ ფიგურას, რომელიც „პრეზიდენტის“ მოვალეობასაც შეასრულებს ...