ანალენა ბერბოკის უწყებამ განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას გაავრცელა. სხვა საკითხებთან ერთად, ტექსტის ერთი ნაწილი ეთმობა "შეშფოთებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე". "რამდენიმე თვეა, ვაკვირდებით, როგორ აქცევს საქართველოს მთავრობა ზურგს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს", - წერია განცხადებაში. "საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა დარღვევებს. გამოვდივართ საჩივრების და ბრალდებების სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას", - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ განვითარებული მოვლენების ფონზე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის დახმარება საქართველოსადმი: "ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობა უნდა გადაიხედოს, ევროკავშირში შესვლის პროცესის კონტექსტში ევროკავშირის მხარდამჭერი ნაბიჯების ჩათვლით", - ვკითხულობთ ტექსტში. ასევე ნახეთ "საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი" - ლიეტუვის პოზიცია დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. რადიო თავისუფლების ცნობით, ევროკავშირი საქართველოში "ტექნიკური მისიის" გამოგზავნას გეგმავს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვამდე გასაჯაროვდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის ქართველი ოპოზიციური პარტიების მიერ გაგზავნილი წერილი. ამ წერილით, ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს 26 ოქტომბრის არჩევნებში, ევროკავშირს მოუწოდებენ, არ აღიაროს საქართველოში ჩატარებული არჩევნები და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მოსახდენად შემდეგი ნაბიჯები გადადგას: ჩაატაროს გამოძიება 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასა და არჩევნებში როგორც შიდა, ასევე გარე ჩარევასთან დაკავშირებით. მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ მოიწვიოს პარლამენტი მანამ, სანამ გამოძიება და შეფასება არ დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტის სხდომა მაინც გაიმართება, პარლამენტიც და მთავრობაც, რომელსაც პარლამენტი გამოუცხადებს ნდობას, არალეგიტიმურად ჩაითვალოს. დეკლარირება მოახდინოს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნების გამო. შეაჩეროს ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან. შეაჩეროს ხელისუფლების დაფინანსება (დაახლოებით 120 მილიონი ევრო), სანამ არჩევნების გამოძიების შედეგები არ იქნება ცნობილი და სანაცვლოდ ევროკავშირმა აღნიშნული დაფინანსება არასამთავრობო სექტორსა და თავისუფალ მედიას გამოუყოს. ასევე ნახეთ...