მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის სუმის ოლქზე რუსეთის ჯარების მორიგ შეტევას. დრონებით თავდასხმა გასულ ღამით განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმა იყო ქალაქ გლუხოვში მდებარე საერთო საცხოვრებელზე. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 19 ნოემბერს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. დაჭრილია 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ასევე ნახეთ 11-მდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19 ნოემბერს 1000 დღე გავიდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან. ომმა უკვე იმსხვერპლა ათეულ ათასობით უკრაინელის სიცოცხლე და მილიონობით დევნილად აქცია. რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი. უკრაინას მიზნად გამოცხადებული აქვს ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა. პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე. ...