პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციისას დაკავებული რამდენიმე ადამიანი. მათ შორისაა მაია გოგიძე, საქართველოს პარლამენტის „ლელოს“ პოლიტიკური ჯგუფის აპარატის თანამშრომელი. სამართალდამცავები მას ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. მაია გოგიძე სხვა დემონსტრანტებთან ერთად სამართალდამცავებმა მელიქიშვილზე მაშინ დააკავეს, როდესაც დილით ადრე დაიწყეს აქციის მონაწილეთა დაშლა და ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთის გათავისუფლება. სამართალდამცავებმა ის სხვა დაკავებულებთან ერთად გადაიყვანეს კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში. შსს-ს დატოვების შემდეგ, მაია გოგიძე რადიო თავისუფლებას უყვება, როგორ და რა სიტუაციაში დააკავა ის პოლიციამ: „გათენებული არ იყო ჯერ, შეტყობინება რომ მომივიდა, ჭავჭავაძეზე სამართალდამცავების მობილიზება დაიწყოო. ახლოს ვცხოვრობ, მაშინვე გავიქეცი. ჯერ კიდევ ბინდი იყო, რომ ჩავედი. მელიქიშვილზე, თეატრი „ჰარაკის“ მიმდებარედ ვიდექით. ცოტა ხანში, ხალხის ნაკადმა უკან-უკან დახევა დაიწყო, ფილარმონიისკენ და ჩვენც იქვე გავჩერდით. როდესაც უკვე ინათა, შანიძის კუთხისკენ ავიწიეთ და მოულოდნელად პოლიციის კორდონი დაიძრა, გავეშებულები მოდიოდნენ და წმენდნენ გზის სავალ ნაწილს. განსაკუთრებული წინააღმდეგობა თითქოს არ დამინახავს. უცებ ატყდა წივილ-კივილი და დაიწყეს აქციის მონაწილეების თითო-თითოდ შეთრევა და გატაცება. სასწაული ხდებოდა. აღარ გაირჩეოდა ქალი და კაცი. სამართალდამცავები დარბოდნენ ჯგუფ-ჯგუფად, დაავლებდნენ ერთ დემონსტრანტს ხელს, წაათრევდნენ, შემდეგ მეორესთან ინაცვლებდნენ. დავინახე, რომ მოათრევდნენ წელზევით შიშველ ახალგაზრდა ბიჭს. შემოხეული ჰქონდა ყველაფერი. მოათრევდნენ ასფალტზე და მის დასახმარებლად გავიქეცი. იქიდან გამომათრიეს და უცებ აღმოვჩნდი ერთ-ერთი დემონსტრანტის პირისპირ, რომელსაც სახე ჰქონდა დასისხლიანებული. პოლიციამ ხელი მკრა, გადი აქედანო, რაზეც მეც მქონდა რეაქცია, თუმცა არანაირად შეურაცხმყოფელი და უცებ მეცნენ, იღლიებით ამწიეს ჰაერში და წამიყვანეს მანქანისკენ“. როგორც მაია გოგიძე ჰყვება, პოლიციის მანქანაში დახვდა კიდევ ერთი დაკავებული დემონსტრანტი, რომელსაც ბორკილები ედო: „მანქანაში წამართვეს ტელეფონი. არ გაქვს ტელეფონით სარგებლობის უფლებაო. ცდილობდნენ, რომ მანქანაში გადაეღოთ ჩემთვის ფოტოები, ლაივ ფოტოები გვჭირდებაო, რისი უფლებაც არ მივეცი. მანქანის მძღოლი იყო განსაკუთრებით აქტიური, რომელიც ხმას უწევდა და ცდილობდა, რომ გავეჩუმებინე. მანქანიდან რომ გადმომიყვანეს, დამადეს პლასტმასის ბორკილები, ე.წ. ხამუტები, და ისე შემიყვანეს შენობაში“. მაია გოგიძე ამბობს, რომ პოლიციის შენობაში სამართალდამცავები მხოლოდ მისი პირადი მონაცემებით ინ...