რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წუხელ ღამით დარტყმები განახორციელეს ბრაიანსკის ოლქში მდებარე ობიექტზე აშშ-ის წარმოების ექვსი ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ით. რუსეთის სამხედრო უწყება ამტკიცებს, რომ ხუთი რაკეტა ჩამოაგდეს, ერთი კი დაზიანდა. ჩამოგდებული რაკეტის ფრაგმენტები სამხედრო დაწესებულების ტექნიკურ ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი, რომელიც ოპერატიულად იქნა ლიკვიდირებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში იმყოფება „დიდი ოცეულის“ სამიტზე, განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქზე ATACMS-ით დარტყმები იმის ნიშანია, რომ დასავლეთს ესკალაცია სურს. მისი თმით, ასეთი იერიშების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ამერიკელების მონაწილეობის გარეშე. ასევე ნახეთ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში პირველად გამოიყენა ამერიკული რაკეტა ATACMS - მედია მანამდე სამშაბათს გამოცემა „რბკ-უკრაინამ“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არსებულ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინის არმიამ პირველად დაარტყა რუსეთის ტერიტორიას ამერიკული ATACMS რაკეტებით. წყარომ აღნიშნა, რომ დარტყმა განხორციელდა სამხედრო ობიექტზე ბრაიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩოვის მახლობლად და სამიზნე „წარმატებით განადგურდა“. კარაჩოვი ბრაიანსკის მახლობლად მდებარეობს, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 130 კილომეტრზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ორშაბათს ღამით ბრაიანსკის ოლქში, კარაჩოვის მახლობლად, განადგურდა სამიზნე - 1046-ე მომარაგების ცენტრის არსენალი. დარტყმამ გამოიწვია 12 მეორადი აფეთქება. „რუსი ოკუპანტების არმიისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის საწყობების განადგურება გაგრძელდება უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად,“ ნათქვამია განცხადებაში. კვირას ბევრმა დასავლურმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებაზე, რომ კიევს უფლება მისცეს აშშ-ის რაკეტებით თავდასხმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამხედრო ობიექტებზე. ვაშინგტონს ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად არ გამოუცხადებია. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა ითვალისწინებს ბირთვული პასუხის შესაძლებლობას უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური არაბირთვული რაკეტების გამოყენების შემთხვევაში. ...