უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მეათასე დღეს ონლაინ რეჟიმში მიმართა ევროპარლამენტს. მან მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, ყოველი ღონე იხმარონ, რათა ომი დასრულდეს, კერძოდ, გაამკაცრონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. „რუსეთის მხრიდან ყოველ დარტყმას და ყოველ საფრთხეს უნდა შეეგებოს მკაცრი სანქციები. უკვე ათასი დღეა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადიკალურად შემცირდეს რუსეთის შესაძლებლობები, ნავთობის გაყიდვის ხარჯზე დააფინანსოს თავისი ომი. ნავთობი - ესაა პუტინის რეჟიმის სასიცოცხლო ძალების წყარო. ტანკერების ჩრდილოვანი ფლოტი კი ის, რაც ხელს უწყობს მის სიცოცხლეს. სანამ ეს ტანკერები მუშაობენ, პუტინი განაგრძობს კვლას. მკაცრი სანქციები აუცილებელია,“ თქვა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, საჭიროა რუსეთის იძულება, დათანხმდეს მშვიდობას. „მინდა მოგიწოდოთ, რომ არ დაივიწყოთ, რაზეა ლაპარაკი, რისი ბედი წყდება. ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია ვაიძულოთ რუსეთი, წავიდეს სამართლიან, რეალურ მშვიდობაზე. ჩვენ წამოვაყენეთ მშვიდობის ფორმულა და მადლობას ვუხდი ყოველ პარტნიორს ევროპაში, რომელმაც მხარი დაუჭირა ფორმულას. რუსეთს უნდა დავაძალოთ მშვიდობა,“ დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტის წინაშე ვიდეოჩართვით გამოსვლისას. ასევე ნახეთ ზელენსკიმ ვერხოვნა რადაში წარადგინა "სიმტკიცის გეგმა" ...