20 ნოემბრის დილის 6 საათისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან და ორგანიზატორებთან მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და განუმარტეს, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ შეესაბამებოდა გზის სავალი ნაწილის დაკავების აუცილებლობას. პოლიცია აქციის მონაწილეების მიმართულებით ჭავჭავაძის გამზირიდან დაიძრა, ის მობილიზებული იყო ასევე კეკელიძის ქუჩაზეც. "შეკრება- მანიფესტაციის კანონის თანახმად განგიმარტავთ, რომ გზის სავალ ნაწილში შეკრება-მანიფესტაცია დასაშვებია, როდესაც მანიფესტანტთა რაოდენობა მოითხოვს ამას. ახლა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ამიტომ გზის სავალი ნაწილი უნდა გაათავისუფლოთ. ჩვენი მოთხოვნაა, გაათავისუფლოთ გზის სავალი ნაწილი. 15 წუთს გაძლევთ დროს", - მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძეს, კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს. გიორგი ვაშაძემ "გონივრული ვადა" - 40 წუთი - მოითხოვა, რასაც პოლიციის წარმომადგენელი არ დათანხმდა. "მე ვთხოვე 40 წუთი და პასუხს ვერ გვცემენ. 40 წუთი არის გონივრული ვადა. მე ჩემი პოზიცია ჩამოვუყალიბე მათ, მათ პასუხი არ აქვთ", - უთხრა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს. დაახლოებით 15 წუთში, პოლიციამ დაიკავა ჭავჭავაძის გამზირი - მათ გზიდან გადაწიეს სკამები, რომლებითაც აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ ჭავჭავაძის გამზირი უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს შორის მონაკვეთზე და დაიძრნენ მელიქიშვილის მიმართულებით. პოლიციას ეკავა ვარაზისხევის ამოსასვლელიც და კეკელიძის ქუჩაც. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური შეხება არ მომხდარა. დემონსტრანტები უკან იხევდნენ და სკანდირებდნენ: "რუსებო", "მონებო". მას შემდეგ, რაც მელიქიშვილს გამზირზე სასტუმრო "საქართველოს" გაუსწორდნენ, პოლიციელები ადგილზე გაჩერდნენ. პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ჯერჯერობით ამ ლოკაციაზე ვჩერდებით და ვაძლევთ საშუალებს მანიფესტანტებს, რომ მიიღონ მონაწილეობა აქციაში". ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები. три მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავენ. პოლიციამ 19 ნოემბერს გამთენიისას დაშალა ჭავჭავაძის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეები, რომლებიც იქ იყვნენ 17 ნოემბრიდან და კარვები ჰქონდათ გაშლილი. იმავე ადგილას საღამოს დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ და მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ. ასევე ნახეთ სტუდენტები თსუ-ის პირველ კორპუსში შევიდნენ, ისინი რექტორის გადადგომას მოითხოვენ ცენტრალურმა ...