ორივე მათგანის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"(საია) იცავდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაკავებულების ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ აღნიშნა, რომ ორივე მათგანს შსს აქციის დროს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი]. მისივე ვარაუდით, ისაკო დევიძე წარსულში სამართალდამრღვევად არის ცნობილი, რაც პატიმრობის გამოყენების ერთ-ერთი საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. "მტკიცებულებები არ ჰქონდათ. ორივეს შემთხვევაში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები იყო მტკიცებულებები, მეტი არაფერი. ისაკოს [დევიძის] შემთხვევაში პოლიციელები ძალიან აიბნენ ერთმანეთში და ურთიერთშეუთანხმებელი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს. ისეთი, რომ თვითონაც ეცინებოდათ", - ჰყვება ადვოკატი. მისივე თქმით, დღევანდელ პროცესებზე სასამართლომ დაცვის უფლება შეზღუდა, რაც ადრე არ ხდებოდა. ჯუბა ქათამაძე ამბობს, რომ ერთმა მოსამართლემ მტკიცებულებების მოსაპოვებლად და მასალების გასაცნობად მათ ნახევარი საათი მისცა, მეორემ კი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. "მთავარი რაც იყო, იყო ის, რომ სასამართლომ დაცვის უფლება ძალიან შეზღუდა. ეს სტანდარტი ადრე არ იყო... მოსამართლემ ნახევარი საათი მოგვცა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რაც წარმოუდგენელი იყო. ისაკოს [დევიძის] შემთხვევაში მასალების გასაცნობადაც არ მოგვცა დრო, "გაჭიანურებას ემსახურება ეს მოთხოვნაო". ეს იყო სიახლე, რაც აქამდე არ ხდებოდა, დანარჩენი იგივე - პოლიციელების ჩვენებებით გამტყუნება", - ამბობს ადვოკატი. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს კიდევ ერთი დაკავებულის, დავით წოწორიას ადმინისტრაციულ საქმეს. 19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას 16 პირი დააკავეს. მათგან სამი - ორი დემონსტრანტი და „მთავარი არხის“ ოპერატორი - ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს. ასევე ნახეთ ჭავჭავაძესა და მელიქიშვილზე დაკავებულია 16 პირი - შსს 19 ნოემბერს საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მო...