ამ განცხადებით, შსს-მ დაკავებულები სასამართლოში 20 ნოემბერს, სამუშაო საათების მიწურულს, 18:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე გადაიყვანა ისე, რომ ადვოკატები არ იყვნენ ინფორმირებული გონივრულ ვადაში. საქმეებს რამდენიმე მოსამართლე პარალელურად იხილავს. ორგანიზაციების ცნობით, მოსამართლეები "მიზანმიმართულად" არ აკმაყოფილებენ ადვოკატების შუამდგომლობებს საქმის მასალების გაცნობაზე, რითაც "უგულებელყოფენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას". "მოსამართლეები მიზანმიმართულად არ აკმაყოფილებენ ადვოკატების შუამდგომლობებს საქმის მასალების გასაცნობად და დამატებითი მტკიცებულებების წარმოსადგენად გონივრული ვადით სხდომების გადადებასთან დაკავშირებით. რამდენიმე შემთხვევაში პროცესი გადაიდო მხოლოდ 10 ან 30 წუთით და ამ დროში მხარეებს დაევალათ ვიდეო მტკიცებულებებისა და მოწმეთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა. მიგვაჩნია, რომ სასამართლო უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არ აძლევს ადვოკატებს შესაძლებლობას ჯეროვნად განახორციელონ მათი მარწმუნებლების ინტერესების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეებს არ ეძლევათ მათი სასარგებლო მტკიცებულებების მოძიებისა და სასამართლოში წარმოდგენის შესაძლებლობა", - წერია ორგანიზაციების განცხადებაში. ისინი მოუწოდებენ სასამართლოს, მისცეს ადვოკატებსა და მხარეებს საქმის მასალების სრულად გაცნობისა და ახალი მტკიცებულებების მოძიებისთვის საჭირო დრო. 20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 19 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ირაკლი ანდღულაძე 2700 ლარით დააჯარიმა. ასევე კიდევ ერთ დაკავებულს, ისაკო დევიძეს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ორივე მათგანს შსს აქციის დროს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი]. იგი აღნიშნავს, რომ დღევანდელ პროცესებზე სასამართლომ დაცვის უფლება შეზღუდა, რაც, როგორც თავად ამბობს, ადრე არ ხდებოდა. ჯუბა ქათამაძე ჰყვება, რომ 20 ნოემბერს გამართულ პროცესებზე, ერთმა მოსამართლემ მტკიცებულებების მოსაპოვებლად და მასალების გასაცნობად ადვოკატებს მხოლოდ ნახევარი საათი მისცა, მეორემ კი ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. "მთავარი იყო ის, რომ სასამართლომ დაცვის უფლება ძალიან შეზღუდა. ეს სტანდარტი ადრე არ იყო... მოსამართლემ ნახევარი საათი მოგვცა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რაც წარმოუდგენელი იყო. ისაკოს [დევიძის] შემთხვევაში, მასალების გასაცნობადაც არ მოგვცა დრო, "გაჭიანურებას ემსახურება ეს მოთხოვნაო". ეს იყო სიახლე, რაც აქამდე არ ხდებოდა, დანარჩენი იგივე - პოლიციელების ჩვენებებით გამტყუნება", - ამბობს ადვოკატ...